შეხვედრა რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სტუმრად ეწვია რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რადუ ლივიუ ჰორუმბა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები. განხილული იქნა რუმინეთში, ქ. კონსტანცას მეზობლად მდებარე მანგალიას მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დამეგობრებისა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხები. საუბარი შეეხო ორი მუნიციპალიტეტის დამეგობრების შემთხვევაში, ხელვაჩაურსა და მანგალიას შორის ტურიზმის აქტიურად განვითარების, სტუდენტური და პროფესიული გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესაძლებლი იქნება რუმინული საზოგადოებისათვის ქართული კულტურული, სპორტული და ეკონომიკური თავისებურებების გაცნობა და პირიქით. ხელვაჩაური და მანგალია, გამოირჩევიან მსგავსი კლიმატური მახასიათებლებით. ორივე მუნიციპალიტეტი განთქმულია გამორჩეული ბუნებით და ულამაზესი ზღვისპირა ზოლით. ხელვაჩაურისა და მანგალიას დამეგობრება და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის ილია ნაკაშიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.