სარფში საჯარო სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

სარფში საჯარო სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. კაფსულის ჩაგდების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სარფში სამსართულიანი სკოლა აშენდება. სკოლას ექნება შიდა სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. ასევე, განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 759 000 ლარით. 
2017 წლის მდგომარეობით სარფის საჯარო სკოლაში 137 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის - 9 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 25 პედაგოგი. ლაზეთის სოფლებს შორის სარფი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. 1939 წელს დაწყებითი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1954 წელს კი აშენდა ახალი კორპუსი სკოლისთვის. 
მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები ბათუმის N30 (გონიოს) სკოლაში ისწავლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით.