მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საერთაშორისო დიდოსტატს ჭადრაკში ლაშა ჯანჯღავას შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საერთაშორისო დიდოსტატს ჭადრაკში - ლაშა ჯანჯღავას შეხვდა. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში ჭადრაკის პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. ლაშა ჯანჯღავამ საპილოტე პროექტი, ჭადრაკის სწავლების დანერგვა წარმატებულად და დადებითად შეაფასა.
მოგვიანებით ლაშა ჯანჯღავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ნადიმ ვარშანიძეს შეხვდა, რომელსაც წინა წლებში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში - ლაშა ჯანჯღავამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ჭადრაკის მოხალისე პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარა. გადამზადების კურსები 13 საბავშვო ბაღის პედაგოგმა გაიარა, რომლებსაც სერთიფიკატები გადაეცათ.
პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივითა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.
შეგახსენებთ, ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო. საპილოტე პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ აჭარისწყლის საბავშვო ბაღში განხორციელდა, რომელმაც გაამართლა. საბავშვო ბაღების პედაგოგები საზოგადოებრივ საწყისებზე სოფელ აჭარისწყლის მკვიდრმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა ზურაბ ზაქარიაძე გადაამზადა.