ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 40 პედაგოგი გადამზადდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში დღეს „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით 40 პედაგოგი გადამზადდა. ტრენინგი ხელვაჩაური მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა დსა ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ გახსნეს.
ტრენინგი ახალ სასწავლო მოდულით ,,კონსერვაციული განათლება აჭარის სკოლებში’’ ტარდება, რომლის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე, ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის, მის რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და კონსერვაციის აუცილებლობაზე. ის ასევე ხელს შეუწყობს აჭარაში გარეული ცხოველების მიერ შინაურ ცხოველებზე თავდასხმების რისკის შემცირებას და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
წინამდებარე სასწავლო მოდული აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებისთვის მომზადებულია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ ექსპერტთა მიერ და ეფუძნება მათ მიერვე 2015 წელს აჭარაში ჩატარებულ „ადამიანისა და გარეული ცხოველების საბაზისო კვლევას“. აღნიშნული კვლევა და სასწავლო მოდული „შავი ზღვის ეკო აკადემიამ“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) დაკვეთით მოამზადდაა.