ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძემ სკოლის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაათვალიერეს, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის ავტორებთან ერთად მშენებლობის დეტალები განიხილეს.
ქვეპროგრამის - ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს ,,ლადა’’-ს შორის 2017 წლის 26 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება 911 002 ლარით.
ახალი სკოლის შენობა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდება, ორსართულიანი თანამედროვე სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და 2017 წლის ნოემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას.