ხელვაჩაურის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს განათლების მინისტრი შეხვდა

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის კულტურის ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ანსამბლ „ათძალის“ წევრებს შეხვდნენ.
გამგებელმა და მინისტრმა მადლობა გადაუხადა ანსამბლ „ათძალის“ ხელმძღვანელსა და წევრებს აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
ინგა შამილიშვილმა აღნიშნა, რომ ანსამბლი გამოირჩევა საშემსრულებლო ოსტატობის მაღალი ხარისხით, წარმატებით მონაწილეობს საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალებში, კონცერტებსა და პროექტებში, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივად, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლის რეპერტუარი მდიდარია ძველი ლაზური სიმღერებით, რომელთა მოძიება, აღდგენა და სცენაზე გაცოცხლება ხელს უწყობს რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტური ფოლკლორის, ტრადიციული შესრულების ფორმების შენარჩუნებას და წარმოჩენას. მინისტრმა ანსამბლის წევრები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო, ისაუბრა კულტურის პროექტებში შემოქმედებითი ჯგუფების აქტიურად მონაწილეობისა და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.