4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შეთავაზება ადგილობრივებს

4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შეთავაზება ადგილობრივებს
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18 დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4 წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები: ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი; ბ) რეზერვში მყოფ რიგითთა და კაპრალთა პირადი შემადგენლობა 35 წლამდე. სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში. 10 კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში: 1. ტაქტიკური მომზადება; 2. სამხედრო-საინჟინრო მომზადება; 3. მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა; 4. ზოგადი საკითხები; 5. ფიზიკური მომზადება; 6. სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა); 7. საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები; 8. სამწყობრო მომზადება; 9. კავშირგაბმულობა; 10. საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა); 11. სამხედრო ტოპოგრაფია. რეგისტრაციის გავლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: 1. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); 2. ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი; 3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; 4. დაბადების მოწმობის ასლი.