აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ ისაუბრა. შეთანხმების ფარგლებში გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიის წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობის მეხუთე ფაზა და ამ მიმართულებით 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ,,გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი და ეს პროექტი მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. ყველა ის ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს, ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე იქ მიმდინარე პროექტებისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. პროექტი უზრუნველყოფს ბათუმში წყლის და წყალარინების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობას. ასევე, გაგრძელდება დაბებისა და სოფლების წყალმომარაგება წყალარინების სისტემის მოწყობა. შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა და სატუმბი სადგურები. აჭარის მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას განსაკუთრებით არსებული პანდემიის პირობებში. ,,ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც, როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური“- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონში გაიზარდა კორონავირუსის აცრის მსურველთა რაოდენობა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, არც ერთი უწყება არ იშურებს ძალისხმევას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აჭარა, რეგიონებს შორის არის ერთ-ერთი მოწინავე, სამიზნე პოპულაციის აცრების კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ აცრაზე ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად გაფართოებული. დღეის მდგომარეობით აჭარაში ადმინისტრირებულია 240 ათასამდე დოზა, სრულად აცრილია მოსახლეობის 30% ზე მეტი, ხოლო სამიზნე კონტინგენტის 67%. აქტიურად მიმდინარეობს მზადება ზამთრის ტურისტული სეზონისთვის. კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსნა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება. სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით განხორციელდება კოვიდრეგულაციების დაცვის კონტროლი. ინტენსიურად მოხდება საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესში. აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. უკვე ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 3- ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.