ურეხის სოციალურ სახლთან დაკავშირებით განცხადებების მიღება დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დღეს 18:00 საათზე დასრულდა. გამგეობაში სულ 31 განცხადება შემოვიდა.
გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით.
პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786 (მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი.