მაჭახლის ხეობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ზურაბ პატარაძე გაეცნო

დღეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტება უკვე სრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 407 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 16 საყრდენი კედელი, 2082 გრძ.მ. ბეტონის არხი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2830 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 26 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა - 7 993 850 ლარის ფარგლებში, 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 5 არსებული ხიდის რეაბილიტაცია - 435 500 ლარის ფარგლებში. 56 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა - 686 798 ლარის ფარგლებში და 7 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია - 74 000 ლარის ფარგლებში. ასევე მოეწყობა 14,5 კმ. (5000 კუბ.მ.) ბეტონის საფარი, რომლისთვისაც 700 000 ლარი დაიხარჯება. სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 10 მილიონ ლარამდეა.