კითხვის კლუბში სტუმრად აჭარის განათლების მინისტრი

კითხვის კლუბში სტუმრად აჭარის განათლების მინისტრი

   დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბის წევრებს შეხვდა. კითხვის კლუბის ფარგლებში მინისტრმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილა გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებული ,,ნატვრის ხე". შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა იმსჯელეს ნაწარმოების შესახებ, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების გზასა და საზოგადოების როლზე ადამიანის პიროვნებად ფორმირების პროცესში. წიგნის განხილვაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ დაენახათ მინისტრი სხვა ამპლუაში, რითაც როგორც თავად აღნიშნეს, მიეცათ მოტივაცია და სწავლის სტიმული. 
შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ნადიმ ვარშანიძე, რომელმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები.
კითხვის კლუბის მიზანს წარმოადგენს წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, თავისუფალი აზრის გამოხატვის ხელშეწყობა, წიგნის მოყვარულთა დაახლოება, კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა.აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 12 წიგნის განხილვა იგეგმება. პროექტის დასასრულს ჩატარდება შემაჯამებელი ვიქტორინა და საპრიზო ადგილებზე გასული ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და ექსკურსიით.
შეხვედრას სულ 30 ახალგაზრდა ესწრებოდა.