გვარას ციხეზე XI საუკუნით დათარიღებული 18 ქვევრი აღმოჩნდა

გვარას ციხეზე XI საუკუნით დათარიღებული 18 ქვევრი აღმოჩნდა. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვევრები XI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტები ციხის ტერიტორიაზე უკვე ორი კვირაა მუშაობენ და შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. მოხდა ასევე ციხის გალავანში ჩართული კოშკის შესწავლაც, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი.
ექსპედიციაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა ციხის აგების თარიღიც. ამ ეტაპზე, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.
დღეს, არქეოლოგიური გათხრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მ/შ მირზა ცეცხლაძემ დაათვალიერეს.
ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.