დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჯოჭოს საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართა შეხვედრა WWFC ვერსიით მსოფლიო ჩემპიონთან შერეულ ორთაბრძოლებში რომან დოლიძესთან.
რომან დოლიძე WWFC–ის ეგიდით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელია. MMA-ში ხუთიდან ხუთი შეხვედრა აქვს მოგებული. 2008 წლიდან ოდესაში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ის გრეპლინგში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, უკრაინის ჩემპიონობა კი ექვსჯერ აქვს მოპოვებული.
მშობლიური სოფლის მოსახლეობა რომანს თბილად შეხვდა. სპორტსმენის საპატივცემულოდ სოფ. ჯოჭოს კლუბის ანსამბლის მიერ იქნა შესრულებული რამდენიმე ცეკვა. სპორტსმენს წარმატება მიულოცეს და საჩუქარი გადასცეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძემ და მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან დევაძემ.