დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ შეხვედრა გამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების (ამაგი) წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე, წარმოადგინეს საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია - „იდეებიდან წარმატებამდე“.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას და აქედან გამომდინარე სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხადაჭერით ახორციელებს, ითვალისწინებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის 80%-მდე თანადაფინანსებას.
წარმოდგენილი ბიზნეს იდეა უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროთაგან რომელიმეს:
• ტურისტული მომსახურების ბიზნესი.
• მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვა.
• მცირე წარმოება და ხელნაკეთი ნივთების წარმოება.
აღნიშნული საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო და განაცხადის ფორმების ნახვა შესაძლებელია ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ვებგვერდზე http://bbi.ge/document.docx
განაცხადების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით.