აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. "მოვედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რათა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და განვსაზღვროთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები მუხრან ვახტანგაძე და ფატი ხალვაში, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.

მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი წარმოადგენდა.

მთავრობის თავმჯდომარის და სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.