უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერის 20 კერა და 2 საცხოვრებელი სახლის დატბორვის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული ადგილები მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 14:00 საათზე საგანგებო შტაბმა ვითარება შეაფასა და შესაბამისი გეგმებიც დასახა.
სოფელ მახინჯაურში მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა ნაილე ელიაძისა და ალიონა პავლოვსკაიას საცხოვრებელი სახლები ამ დროისთვის მდინარის დონემ იკლო და სიტუაცია სტაბილურია.
ძლიერი წვიმების შედეგად მიწის მასა ჩამოწვა 9 საცხოვრებელ სახლთან შემდეგ სოფლებში - სარფში, ყოროლისთავში, მახვილაურში, სამებაში, ორთაბათუმში, მასაურაში და განახლებაში, თუმცა სახლის მდგრადობისათვის ზიანი არ მიუყენებია. შედარებით რთული მდგომარეობაა სოფელ ყოროლისთავში, სადაც ემზარ ფაღავას სახლთან ჩამოწვა მეწყერი და ადიდებულმა წყალმა წაიღო ბოსელი, აღნიშნულ ტერიტორიაზე არის მეწყერის განმეორების საფრთხე, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
მეწყერულმა კერებმა გამოიწვია შიდა გზების ჩაკეტვა შემდეგ სოფლებში - კაპრეშუმში, სარფში, სამებაში, ზანაქიძეებში, ახალშენში, ორთაბათუმში და მასაურაში. ამ დროისათვის თითქმის ყველა გზა გახსნილია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მეწყერმა ბუნებრივი აირის მილები დააზიანა სოფელ წინსვლასა და სოფელ მასაურაში, მიმდინარე ეტაპზე სოკარ გაზ ჯორჯიას თანამშრომლები ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 595 00 46 35;