უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მეწყერის კერა და საცხოვრებელი სახლის დატბორვის ფაქტი დაფიქსირდა.

სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა. საგზაო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილია ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები; სოფელ მახინჯაურში ადიდდა მდინარე, რის შედეგადაც დაიტბორა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი; სოფელ სარფში კახიძეების დასახლებაში ჩამოწვა მიწის მასა, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება; სოფელ მახოში გურამ პეტრიძის სახლთან ჩამოწვა მიწის მასა სახლიდან ნახევარი მეტრის დაშორებით; სოფელ ზედა სამებაში, მალაყმაძეების უბანში ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ნაწილობრივ გადაიკეტა 5 ოჯახთან მისასვლელი გზა, თუმცა არსებობს მეწყერის განმეორების საფრთხე; სოფელ სამებაში ზაურ დიასამიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწოლილი მიწის მასის შედეგად ნაწილობრივ გადაიკეტა სოფლის შიდა სასოფლო გზა; სოფელ ზედა წინსვლაში საჯარო სკოლის მიმდებარედ, ჯამბულ ციმნარიძის სახლთან განვითარებული მეწყერული პროცესების შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 595 00 46 35; 577 74 00 01. ადმინისტრაციული ერთეულების თერთმეტივე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.