სოფელ აჭარისაღმართში „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა.

კანონის პროექტი, რომლის ავტორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა, მიზნად ისახავს მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სატყეო სააგენტოს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, UNDP-ის დაცული ტერიტორიების პროექტის კოორდინატორი ირაკლი გორაძე, ასევე მაჭახლის ხეობის მოსახლეობა.

შეხვედრას უძღვებოდა აჭარის არ უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე. კანონის განხილვა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მხარეებმა ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელიც მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან არის დაკავშირებული.

პროექტი აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჭახლის ხეობის მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.