დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე, საქართველოში USAID-ის მისიის ეკონომიკური განვითარების ოფისის წარმომადგენელს, გოჩა ლობჟანიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კახაბერ გუჩმანიძე, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (USAID / CENN WMTR II), რომელსაც ახორციელბს CENN, კოორდინატორი აჭარის რეგიონში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ CENN აჭარის რეგიონის მასშტაბით მუშაობს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად განვითარებას. არჩილ ბარამიძემ ისაუბრა პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტში სეპარაციის პრაქტიკის დანერგვის კუთხით გასატარებელ და დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ის აქტივობები, რომლებიც WMTR II პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით იგეგმება. კერძოდ პროგრამა გეგმავს, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ხელვაჩაურში ნარჩენების დახარისხების ყუთების დადგმას.
შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა ის როლი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის გაფართოებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
შეხვედრის დროს განხილული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული საჭიროებები, მათ შორის საუბარი იყო მუნიციპალიტეტში არსებული არალეგალური ნაგავსაყრელების დახურვის საჭიროებაზე; ასევე ის დახმარება, რომელიც შესალებელია გაწეული იყოს USAID-ის მიერ WMTR II პროგრამის ფარგლებში აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით.